საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები 6 ნოემბრიდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. გუნდი 10 და 14 ნოემბერს ფინეთისა და ლიტვის 21-წლამდე ნაკრებებს უმასპინძლებს.
2 ნოემბერს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სიაში არ იყვნენ დონეცკის “შახტარის” შემტევი გიორგი არაბიძე და ბელგიური “გენტის” ახალწვეული გიორგი ჩაკვეტაძე.
როგორც გაირკვა, ორივეს ტრავმა ჰქონდა, თუმცა უკრაინაში ჩატარებული განმეორებითი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არაბიძეს სერიოზული არაფერი სჭირდა და დონეცკის “შახტარის” შემტევი ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება. გიორგი ჩაკვეტაძე კი ტრავმირებულია და ქართველ ახალგაზრდებს ვერ დაეხმარება.