Arab news - საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების გაღრმავების საკითხები განიხილეს
საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს Arab news ეხმაურება.
გამოცემის ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას განსახილველ საკითხებს შორის იყო თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების გაღრმავების საკითხები.
Arab news-ის ცნობით, საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრემ და პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა, რიადში, ალ-იამამას სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოთხშაბათს უმასპინძლა.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე და პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობაზე საუბრობდნენ და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების საკითხებზე მსჯელობდნენ.
Arab news წერს, რომ ტახტის მემკვიდრესთან შეხვედრამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის თანმხლებ დელეგაციას მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რიადის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ბინ ფედელ ალ იბრაჰიმი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.