„არა ქიმიურ ტერმინალს“ - ამ წარწერით ბათუმის ცენტრალურ პარკთან ახალი ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტეს
„არა ქიმიურ ტერმინალს“ – ბათუმის ცენტრალურ პარკთან ეს წარწერა დღეს საღამოს გაკეთდა. გამოყენებული სიმბოლიკის მიხედვით, წარწერა მოქალაქეთა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომელმაც ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ 20 იანვარს საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, წარწერას წაშლიან, რადგან იგი არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ამახინჯებს ქალაქის ცენტრალური პარკის შესასვლელს. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ გაიშიფრება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერები, პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, შემსრულებლების მიმართ სანქციებიც გატარდეს.
ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულება კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს შორის 14 იანვარს გაფორმდა.
კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.