თეონა აქუბარდია - პრეზიდენტმა ივანიშვილს შესთავაზა მშვიდობიანი გასასვლელი ხელახალი არჩევნების სახით, რათა ქვეყანა მშვიდობიანად გამოვიდეს ამ პოლიტიკური კრიზისიდან
პრეზიდენტმა ივანიშვილს შესთავაზა მშვიდობიანი გასასვლელი ხელახალი არჩევნების სახით, რათა ქვეყანა მშვიდობიანად გამოვიდეს ამ პოლიტიკური კრიზისიდან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის ინიციატივას ხელახალი არჩევნების შესახებ არ დათანხმდება.
„26 ოქტომბრის არჩევნები რომ სისტემურად არის დარღვევების ფონზე ჩატარებული, ამას როგორც პრეზიდენტი, ასევე ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, ჩვენი მხარდამჭერები და ამომრჩევლები ამბობენ. ისინი ხედავდნენ ამ სისტემურ გაყალბებას და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომლებიც ამბობენ, რომ არაერთი მძიმე დარღვევის ფონზე ჩატარდა ეს არჩევნები. მათ შორის, ტექნიკური მისიის გამოგზავნაზეა საუბარი და გამოძიებაზე ყველა ამ დარღვევის, რომლებზეც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობა აჩვენებს, რომ იციან, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე.
შესაბამისად, პრეზიდენტმა გასასვლელი შესთავაზა ივანიშვილს, რათა მშვიდობიანად გამოვიდეს ქვეყანა ამ პოლიტიკური კრიზისიდან და ეს გასასვლელი არის კონკრეტული ის ინიციატივა, რომელიც ამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნებით შეიძლება დაბრუნდეს. ბუნებრივია, ივანიშვილი ამას არ გააკეთებს. არავის არ გაგვიკვირდება, რადგან ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ მისი ფული უფრო მეტია, ვიდრე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, მისი ძალაუფლებაც. სხვა დანარჩენი არის დამოკიდებული ჩვენზე და მივყვებით ბრძოლის იმ განზომილებას, რომელიც, მშვიდობიანად, სამართლებრივ სივრცეში ამ ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოს დაბრუნებას გულისხმობს“, – აღნიშნა აქუბარდიამ.