აქციისას დაშავებული ორი პაციენტი რეაბილიტაციისთვის შესაძლოა, უცხოეთში გადაიყვანონ
20 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან საზღვარგარეთ მკურნალობას ხუთი პაციენტი განაგრძობს. მათგან ოთხი ისრაელში, ხოლო ერთი გერმანიაშია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, უცხოეთში მკურნალობის შემდეგ საქართველოში ოთხი პაციენტი დაბრუნდა. მათ შორის ერთი მოქალაქე გერმანიიდან, ხოლო თურქეთიდან ორი სამართალდამცველი და ერთი სამოქალაქო პირი.
რაც შეეხება რეგიონულ ჰოსპიტალში მყოფ ორ პაციენტს, როგორც კლინიკის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, აღნიშნული პირების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან და ხვალ ან ზეგ მათი პალატაში გადაყვანა იგეგმება.
როგორც ნუცუბიძემ აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ დღეში გაწერენ პაციენტებს. მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მედიკოსები ამ ორი მოქალაქის უცხოეთში რეაბილიტაციისთვის გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავენ.