სასამართლომ აქციისას დაკავებული ექვსი პირი გაათავისუფლა, მათ შორის ორი უდანაშაულოდ ცნო
საქართველოს პარლამენტთან აქციისას დაკავებული ორი პირი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ოთხი კი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, თუმცა ექვსივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მათ ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, რადგან უკვე ეს ვადა გაატარეს საპატიმროში, გათავისუფლდნენ.
მოსამართლე ლევან მურუსიძე ექვსი პირის იმ ადმინისტრაციულ საჩივრებს იხილავდა, რომლითაც ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ.
სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ დაკავებულები და სამართალდამცველები.
„ჩვეულებრივ ვიყავი აქციაზე არაფერი დარღვევა არ ჩამიდენია, არც ერთი პოლიციელისთვის ზიანი არ მიმიყენებია, როცა გაუშვეს გაზი, წავედი წყალი ვიყიდე და წავედი პარლამენტთან, დროშა მეკიდა, ჩემთან მოვიდა პოლიციელი და მითხრა, რას დადიხარო და ეგრევე გამაქანა მანქანაში. ვეკითხებოდი რისთვის მაკავებდნენ. რომ გამიყვანეს კორიდორში ჩემს მიმართ იყო სიტყვიერი და ნაწილობრივ ფიზიკური შეურაცხყოფა. არაფერს არ ვაშავებდი ჩემთვის მშვიდად ვიდექი“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით დავითაშვილმა.
კიდევ ერთი დაკავებული დავით ბაჩილავა აცხადებს, რომ მისი დაკავება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ მოხდა.
„როცა დაიწყო შეტაკება, ჭყლეტაში მოვყევი, სცენასთან ახლოს ვიდექი, ვერანაირად ვერ გამოვედი. გაზი რომ გაუშვეს, შემდეგ დამაკავეს, ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ ვერ მოვახერხე, თავბრუ მეხვეოდა“, – განაცხადა დავით ბაჩილავამ.
სამართალდამცველების განცხადებით, არაერთი მოწოდებისა და მათთვის გონივრული ვადის მიცემის მიუხედავად, ამ პირებმა არ შეწყვიტეს გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლოში დღეს საერთო ჯამში სასამართლოს ინფორმაციით, 41-მდე პირის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა მოხდება.