აქციის „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“ ორგანიზატორები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ
აქციის „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“ ორგანიზატორები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ჩვენი საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც ითხოვს სამართლიანობა აღდგეს და გამოძიება წარიმართოს სწორად, ყოველგვარი ინტერესების გარეშე, აქციებიდან გადავიდა სამუშაო რეჟიმზე, რაც გულისხმობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სიმართლის დადგენაში სახელმწიფო ორგანოების მუშაობის მონიტორინგს.
ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლობას და ამ უსამართლობის პარალელურად, ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ დაინახა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიით მანიპულირების მცდელობები. ვიწრო პარტიული მიზნებისთვის ამ ტრაგედიის გამოყენება ყველაზე დიდი მტრობაა სიმართლის დადგენის გზაზე, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მეტი ჰუმანურობა და ტრაგედიას ნუ გადააქცევთ პოლიტიკური დაპირისპირების საბაბად.
იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ, რომ გამოძიება კვლავ უსამართლოდ მიმდინარეობს და ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი აქვს სწორი გამოძიებისა და სიმართლის ძებნისთვის ხელის შეშლას, სოლიდარობის აქციები დაუყოვნებლივ განახლდება.
ჩვენ, საბჭოს წევრები დაღუპული ახალგაზრდების მშობლებს – ზაზა სარალიძეს და დავით დადუნაშვილს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ და მოვუწოდებთ თითოეულ ადამიანს, ვინც სიმართლის, სამართლიანი გამოძიებისა და დამნაშავეების გამოვლენის და დასჯის მომხრეა, რასაკვირველია, პირადი თუ პოლიტიკური ინტერესების გარეშე, გავერთიანდეთ და განვაგრძოთ აქტიური ბრძოლა!
საბჭო, რომლის წევრებსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ, აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას, ქვეყანაში მშვიდობისა და სამართლიანობისთვის!”, – აღნიშნულია განცხადებაში.