აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი ორი მოთხოვნა უკვე შესრულებულია და აქციებს გახარიას გადადგომის მოთხოვნით განაგრძობენ
20-21 ივნისს აქციაზე დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია, – ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამი მოთხოვნიდან ორი უკვე შესრულებულია და ისინი აქცენტს ახლა მთავარ მოთხოვნაზე გააკეთებენ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ეხება.
შესაბამისად, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ განთავსებულ ბანერზე, სადაც მათი მოთხოვნებია ჩამოთვლილი, მესამე მოთხოვნა – დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება – გადახაზეს.
აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების განცხადებით, ისინი არ აპირებენ მოთხოვნების კორექტირებას და აქციას სწორედ იმ მოთხოვნებით განაგრძობენ, რაც თავიდან დააყენეს.