აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაშავდა
გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გათავისუფლებულია და მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გმირთა მოედნიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მიმავალი გზა. მათ ნაგვის ურნებით და სხვადასხვა საგნით აქვთ ჩახერგილი ტერიტორია.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ნაწილი ამბობს, რომ ადგილზე უცნობი პირები მივიდნენ რამდენიმე მანქანით და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორე ნაწილი კი მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მიერ შესაბამისი დახმარება გაეწიათ.
აქციის მონაწილეები, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.