რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ. მათ შორის იყვნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია, „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
მათ გამოჩენას აქციის მონაწილეებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
ამასთან, დღეს აქციის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის – ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.