ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აქციის მონაწილეებმა შვედეთის საელჩოს ცეცხლი წაუკიდეს. მიზეზი შვედურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც, სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოსთან ერთ-ერთი პირი ყურანის დაწვას აანონსებდა. ამის შემდეგ შიიტი რელიგიური ლიდერის, მუქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ და ტერიტორიას ცეცხლი წაუკიდეს.
დემონსტრანტების დასაშლელად ერაყის სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლი და ელექტროშოკი გამოიყენეს.
მომხდარს გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩოსა და დიპლომატიური მისიის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ერაყის ხელისუფლებას აკისრია. მოგვიანებით, სამინისტროში განაცხადეს, რომ დიპლომატიური კორპუსის წევრები უსაფრთხოდ არიან. მომხდარი დაგმო ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.