აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობით გადაინაცვლებენ.

ამის შესახებ აქციაზე აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მსვლელობა იქნება არაძალადობრივი.

„გმირთა მოედანზე გაუშვეს გაზი, აკავებენ ჩვენს თანამოაზრეებს. მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კონსტიტუციური მსვლელობით ჩავიაროთ გმირთა მოედანზე“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ვიდრე ამოცანას არ მიაღწევენ, არცერთი დღე არ ჩაივლის წინააღმდეგობისა და ბრძოლის გარეშე.

„ამ ბრძოლას ექნება სხვადასხვა ფორმა, ლოკაცია, სხვადასხვა ადგილი. მინდა, დაიმახსოვროთ თარიღი, 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველამ ერთად, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია, ჩაინიშნეთ კალენდრებში. შეიძლება, ვიღაცას იცნობთ, რომელიც არ მოდის ხოლმე აქ. 11 მაისამდე ყველამ ავიღოთ დავალება, რომ ადამიანები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ არ ყოფილან, მოვიყვანოთ ჩვენთან ერთად“, – აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ.

გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მიუძღვებიან, მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და სოფო ჯაფარიძე.