აქციის მონაწილეები პარლამენტის ჭიშკრისკენ ბოთლებს ისვრიან, არყევენ კარს, ცდილობენ ჭიშკარზე გადასვლას [ფოტო, ვიდეო]
რუსთაველის გამზირზე, ჩიტაძის ქუჩიდან აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში შესასვლელი ჭიშკრისკენ ბოთლებს ისვრიან, ასევე ჭიშკარს არყევენ, ფეხებს ურტყამენ და რკინის ჭიშკარზე გადასვლას ცდილობენ.
პარლამენტის ეზოში მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებმაც ჭიშკრის მეორე მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართულებით წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.
ადგილზე მივიდა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერიც, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც აცხადებდა, რომ აქცია მშვიდობიანია. მისივე თქმით, პოლიცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად არ იმყოფება.
„სპეციალურად დატოვეს ტერიტორია, თავისნაირი ველურები ვგონივართ და ჰგონიათ, დავიწყებთ რაღაცების ლეწვას, მტვრევას. არაფერი ეგეთი არ მოხდება. ჩვენზე არ არის პასუხისმგებლობა, თუ რამე მოხდება, ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება მათზე. ეს არის მშვიდობიანი აქცია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამასთან, პარლამენტთან ცოტა ხნის წინ მივიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ, აქცია გამართონ მათთვის სასურველ ადგილზე. ამასთან, შსს მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.