აქციის მონაწილეები „იმედისა“ და „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ
აქციის მონაწილეები „იმედისა“ და „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ „იმედისა“ და „პოსტივის“ გადამღებ ჯგუფებს.

აქციის მონაწილეები გადამღები ჯგუფის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და ხელს უშლიან ჟურნალისტურ საქმიანობაში. ამასთან, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „პოსტივის“ ოპერატორს.

როგორც „იმედის“ ჟურნალისტმა, ანუკი ჩხიკვაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა ნივთს ესროდნენ.

„ვცდილობთ, გავაგრძელოთ მუშაობა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა, როგორც იცით, მესამე დღეა, განსაკუთრებულად გვიჭირს „იმედის“ კორესპონდენტებს აქ მუშაობა. ეს ადამიანები ჩვენ მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. რამდენიმე წუთის წინ გამოგვყვნენ და სხვადასხვა ნივთს გვესროდნენ. ასევე შეძახილების თანხლებით მოგვყვებოდნენ. ასევე, აქ იყო ფიზიკური დაპირისპირება „პოსტივის“ ოპერატორსა და ამ ხალხს შორის. აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ „პოსტივის“ ოპერატორს, რის შემდეგაც პოლიცია ჩაერია და სიტუაცია განმუხტა. ცოტა ხნის წინ განსაკუთრებულად დაძაბული სიტუაცია იყო. პოლიციის მოწოდების მიუხედავად, აქტივისტები მაინც ცდილობდნენ, კორდონი გაერღვიათ. ჩვენ პოლიციელების დახმარებით გამოვედით გარეთ, მაგრამ ჩვენთვის აქციაზე მუშაობა განსაკუთრებულად რთულია, რადგან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ეს ადამიანები ჩვენ მიმართ“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.