აქციის #არმომკლა ნაცვლად, პარლამენტის წინ 18:00 საათზე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აქცია გაიმართება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დღეს, 18:00 საათზე აქციის #არმომკლა ნაცვლად ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, რომელზეც ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ. ამის შესახებ მედიას პარტიების: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა განუცხადეს. როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, იქამდე, 12:00 საათზე შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმის შესახებ კონსულტაციებს გამართავენ.
ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ საზოგადოებას აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.
„სამი დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობდა ამ ადამიანის გაშავებას, ამ ხალხს ეს რეჟიმი დასცინოდა, სუს-ი მათ უგზავნიდა პროვოკატორებს, ხდებოდა მათზე ზეწოლა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის გეგმა იყო, რომ პოლიტიკური პარტიები გაემიჯნა ამ ბრძოლისგან, მან ეს ვერ მოახერხა, უფრო მეტიც, გაგვაერთიანა ზაზასთან და მალხაზთან ერთად. ხვალ, ექვს საათზე მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად, თქვენ იხილავთ ერთიანი ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ქართველი ხალხის გეგმას ამ რეჟიმის დასასრულებლად“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.