აქციაზე შეკრებილთა ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლა
აქციაზე შეკრებილთა ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლა

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია. შეკრებილთა ნაწილი ევროპის მოედნისკენ მიემართება, როგორც ორგანიზატორებმა მოუწოდეს, ნაწილი კი ტერიტორიას ტოვებს.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე სიმბოლურ ხელმოწერებს დატოვებენ, ხოლო შემდეგ დაიშლებიან.

რაც შეეხება შემდეგ სამოქმედო გეგმას, როგორც „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, შემდეგი შეკრება რუსთაველის გამზირზე 24 ივნისს გაიმართება, როდესაც ევროპული საბჭოს სამიტი უნდა გაიმართოს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, შემდეგი სამოქმედო გეგმა და ხელისუფლებისადმი მოთხოვნები სწორედ 24 ივნისის აქციაზე გამოცხადდება. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქნება მასობრივი დაუმორჩილებლობა.

დღევანდელი აქცია, სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“, 20:00 საათიდან დაიწყო. როგორც ორგანიზატორები განმარტავდნენ, მათი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ევროპას. დღევანდელ აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, დღევანდელ აქციაზე სიტყვით არ გამოსულან პოლიტიკოსები, ტრიბუნას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკავებდნენ.