გუშინ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გრძელდება.
როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი აცხადებს, დაკავებულებს დაცვის უფლება გარანტირებული აქვთ.
„შეინიშნება პოზიტიური ტენდენციები, რომ ძირითადად თავისუფლდებიან დაკავებულები. ეს ხდება შენიშვნის, სახდელის დაკისრებით ან ხელწერილით, საქმის განხილვის გადადებით. მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს პროცესები. ადვოკატთა ასოციაცია უსასყიდლოდ უწევს ყველა დაკავებულს იურიდიულ დახმარებას და ველოდებით ამ დიდი ნაკადის შემცირებას. ჯამში, ბოლო საათებში დაახლოებით 50-მდე დაკავებული გათავისუფლდა დარბაზიდან და გრძელდება საქმის განხილვები, ადვოკატებიც აქ არიან“, – განაცხადა დავით ასათიანმა.
მისი თქმით, დაკავებულთა გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ხულიგნობაში არ მიუღია მონაწილეობა.
შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის აქციის 305 მონაწილე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.