აქციაზე დაკავებული დავით ხვადაგიანის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, პოლიციის წინააღმდეგობის ნაწილში კი, შენიშვნა გამოეცხადა
20 ივნისის აქციაზე დაკავებული ისტორიკოსის, დავით ხვადაგიანის მიმართ, რომელსაც ადმინისტრაციულ დარღვევებს, პოლიციის წინააღმდეგობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, მოსამართლემ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყვიტა, პოლიციის წინააღმდეგობის ნაწილში კი, შენიშვნა გამოუცხადა.
ხვადაგიანს თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას საკუთარი პოზიციის გამოთქმის საშუალება მიეცა, სადაც მან აქციაზე რამე დარღვევის ჩადენა კატეგორიულად უარყო. როგორც ხვადაგიანმა აღნიშნა, აქციის მიმდინარეობისას პოლიციას სთხოვდა, მისი დაკავებული ძმისთვის არაფერი დაეშავებინათ.
„უბრალოდ ვითხოვდი, რომ არ მოეკლათ ჩემი ძმა, რომელსაც სცემდნენ. სხვა არაფერი ყოფილა ჩემი მხრიდან”, – განაცხადა ხვადაგიანმა.
მოსამართლემ პროცესზე სამართალდამრღვევ პირთა წარმდგენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხა, დაინახა თუ არა რამე დარღვევა დავით ხვადაგიანის მხრიდან. შსს-ს წარმომადგენელმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ იქ არ ყოფილა და ხვადაგიანის ქმედებების შესახებ გადმოცემით იცის.
ხვადაგიანის გარდა, დღეს სასამართლომ კიდევ 10-მდე პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა, რომლებიც 21 ივნისს დაიწყო და ადვოკატების შუამდგომლობების საფუძველზე გადაიდო. მათი ნაწილის შემთხვევაში, საქმეები შეწყდა, ნაწილს კი, სანქციად მოსამართლემ შენიშვნა გამოუცხადა.