„აპოელმა“ გალიდერების შანსი დაკარგა - 8 მაისს სეზონის ფინალია [ვიდეო] #1TVSPORT
„აპოელმა“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, კვიპროსის პირველი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფში მე-7 ტურის შეხვედრა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ ლარნაკას აეკ-თან გამართა და გალიდერების მშვენიერი შანსი ხელიდან გაუშვა.
არც ერთი ქართველი „აპოელის“ სასტარტო შემადგენლობაში არ იყო – ბუბა დაუშვილი ახალ სეზონამდე ვერ ითამაშებს, გიორგი ქვილითაიას შედარებით მსუბუქი ტრავმა აქვს, მაგრამ თამაში ვერ შეძლო – მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა.
„აპოელი“ ლიდერ „აპოლონს“ (52 ქულა) 2 ქულით ჩამორჩებოდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პირველ ადგილზე დაწინაურება შეეძლო. ნიქოზიელებმა თამაში სასურველი სცენარით დაიწყეს და 26-ე წუთზე ანტონ მაგლიცას გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 10 წუთში ანხელ გარსიამ წონასწორობა აღადგინა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
აღსანიშნავია, რომ მე-7 ტურში საჩემპიონო ექვსეულის ყველა შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა – „პაფოსისა“ და „არისის“, ასევე „ანორთოსისისა“ და „აპოლონის“ დაპირისპირება. „აპოელმა“ 51 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ მინიმუმ მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე თამაში გაინაღდა, რადგან ლარნაკას აეკ-ი (47) ვეღარ დაწევა.
ბოლო ტურის შეხვედრა სეზონის ფაქტობრივი ფინალი იქნება, რადგან „აპოელი“ უშალო კონკურენტ, „აპოლონს“ შეხვდება. გუნდი მატჩს გასვლაზე, ლიმასოლის სტადიონზე 8 მაისს გამართავს და შესაძლოა, გიორგი ქვილითაია ამ შეხვედრისთვის მზად იყოს.