ანზორ ერქომაიშვილის მეუღლემ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა
დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი, ეს თქვენი ინიციატივა იყო, ბატონ გიორგი დონაძესთან და ქალბატონ თეა წულუკიანთან ერთად, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს მინიჭებოდა ანზორ ერქომაიშვილის სახელი, – ამის შესახებ ანზორ ერქომაიშვილის მეუღლემ, ლალი სეთურიძემ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის შენობასთან ხელოვანის მემორიალური დაფის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქართული კულტურის განვითარებაში ანზორ ერქომაიშვილის ფასდაუდებელი წვლილის აღსანიშნავად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. ანზორ ერქომაიშვილის მეუღლემ, სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა.
„ყველაზე დიდი და მთავარი სათქმელი ჩემი არის ის, რომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ინიციატივით, რომლის თანადგომით გამოიცა, შეიძლება ითქვას, ანზორის შემოქმედების გვირგვინი, სამტომეული. მინდა, ყველას მადლობა გითხრათ. აქ არის ჩემი მული, რომელთან ერთადაც აღვნიშნეთ, რომ ის დღე, როდესაც ანზორი გამოასვენეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი უბედურების და ყველაზე დიდი ბედნიერების დღე, ჩვენ დავინახეთ ის მადლიერება ხალხისგან, ნაცნობისგან, უცნობისგან, ნათესავისგან, მეგობრისგან, რომლითაც ის დადიოდა. ის დადიოდა მხოლოდ დიდი და კეთილი გულით და ჩვენ დავინახეთ ის უკუგება, ამისთვის ყველას დიდ მადლობას გიხდით“, – აღნიშნა ლალი სეთურიძემ სიტყვით გამოსვლისას.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.