ანზორ ჩუბინიძე - თავის მართლებას არ ვაპირებ, პროკურატურისგან კომპეტენტურ პასუხს ველოდები
თამბაქოს მომხმარებელი არ ვარ, ზაზა ოქუაშვილს არ ვიცნობ, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს განუცხადა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე.
როგორც მან აღნიშნა, სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანისთვის არ მიუმართავს და ამ საკითხის გარკვევას პროკურატურისგან ელოდება.
„პრინციპულად არ გამირკვევია, არ მიმიმართავს. მას შემდეგ, რაც ეს საკითხი პროკურატურაში გაირკვევა, დიდი ალბათობით, ჩემს მიმართ არანაირი კითხვა არ იქნება. შესაბამისად, ვაცდი ორგანოს, რომელსაც ამის შესახებ განცხადების გაკეთება ეკუთვნის. თამბაქოს მომხმარებელი არ ვარ, ზაზა ოქუაშვილს არ ვიცნობ. პირობას გაძლევთ და მთელ ჩემს სამსახურებრივ კარიერას სასწორზე ვდებ, ამნაირ „გარიგებასა“ და „დალაგებაში“ მონაწილეობა არ მიმიღია“, – განაცხადა ჩუბინიძემ.
მისი თქმით, ის თავის მართლებას არ აპირებს და სიმართლეს შესაბამისი უწყებები დაადგენენ.
„მზად ვარ, სადაც ჩემი ქვეყნის კანონი საჭიროდ ჩათვლის, მონაწილეობა მივიღო. ტყუილად თავი ვიმართლო? კითხვა – რატომ არ გაარკვიეთ, ძალიან კარგად ვიცი და გარკვევა არ მჭირდება. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ“, – განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საუბარი მას „იბერიას“ საკითხზე „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილთან, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მას ამ თემაზე არც ბიძინა ივანიშვილთან უსაუბრია და არც სხვა ვინმესთან.
„არანაირი საუბარი არ მქონია არც ბიძინა ივანიშვილთან და არც არავისთან. ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხით ჩემთან არ დაინტერესებულა. მგონი, ასეთი ჩანაწერი არ იყო. თუნდაც რომ ყოფილიყო, ამ აბდა-უბდაზე თავს არ ვიმართლებ. დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ძალიან კომპეტენტური ვარ. საფინანსო სექტორში არ ვმუშაობ. ოქუაშვილის რანგის ბიზნესმენებმა უნდა მოახერხონ და ძალიან კარგად იციან, სიტუაცია სადაც უნდა დაალაგონ – ეს არის საფინანსო ინსტიტუტი. ვინც ჩემი გვარი ახსენა, კითხვა მას დაუსვით. ეს არის აბსურდული თემა. ვერავის გავცემ პასუხს, რადგან ეს თავის მართლების თემაა და თავის მართლებას არ ვაპირებ“,- განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
რაც შეეხება ტელეკომპანია „იბერიას“ ჩუბინიძის თქმით, მას აღნიშნული ტელევიზია ბავშვობიდან ახსოვს, როცა ორთაბრძოლებზე საინტერესო გადაცემას აკეთებდა.
„დაგიფიცებთ, რომ „იბერია“ ბავშვობაში მახსოვს, ორთაბრძოლაზე საინტერესო გადაცემას აკეთებდა და ახლა გამახსენდა, თამბაქოს არ ვეწევი. წარვსდგები ყველგან, სადაც საჭირო იქნება ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ლევან ყიფიანთან არ გამირკვევია. როცა დავრწმუნდები, რომ ეს არის ნამდვილად ლევან ყიფიანი და პროკურატურიდან დამაჯერებელ პასუხს მივიღებთ, კომენტარს შემდეგ გავაკეთებ. თავის მართლების პოზიციაში ნუ ჩამაყენეთ“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
მისი თქმით, არც ერთ ბიზნესში მონაწილეობა არ მიუღია და პროკურატურისგან კომპეტენტურ პასუხს ელოდება.
„პროკურატურისგან კომპეტენტურ პასუხს ველოდები, რადგან რაღაც პასუხებში დარწმუნებული ვარ. ჩემთან კითხვები არ ექნებათ. არც ერთ ბიზნესში მონაწილეობა არ მიმიღია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანზორ ჩუბინიძემ.