ანზორ ჩუბინიძე - არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი
ანზორ ჩუბინიძე - არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა.

როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი.

„20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​

„რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ.