ანტონიუ გუტერეშმა თავისი მოადგილე, ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების კოორდინატორი სუდანში გააგზავნა
სუდანში გაუარესებული სიტუაციის ფონზე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა თავისი მოადგილე, ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების კოორდინატორი მარტინ გრიფიტსი გააგზავნა, – ამის შესახებ გრიფიტსი საკუთარ „ტვიტერზე“ წერს.
„სუდანის დედაქალაქ ხარტუმში შეტაკებების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ჰუმანიტარულმა კრიზისმა ზღვარს მიაღწია. ანტონიუ გუტერეშის თხოვნით, მე წავედი რეგიონში, რათა შემეფასებინა, თუ როგორ შეგვიძლია დაუყოვნებლივ შევამსუბუქოთ დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა“,- წერს გრიფიტსი.
ოფიციალური მონაცემებით, ბრძოლის დაწყების შემდეგ სუდანში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 4 600-მდე კი დაშავდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.