ანტონიუ გუტერეში - ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს, პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას, საერთაშორისო საზოგადოება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის უნდა მობილიზდეს
ლიბანის მოსახლეობამ, ისრაელის მოსახლეობამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ლიბანი გახდეს კიდევ ერთი ღაზა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატების გახსნის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ღაზის სექტორი არის უწყვეტი კოშმარი, რომელიც ემუქრება მთელ რეგიონს და ყველა უნდა იყოს შეშფოთებული ესკალაციით, რადგან ლიბანი ზღვარზეა.
გუტერეშმა ისრაელი ღაზის სექტორში პალესტინელების „კოლექტიურ დასჯაში“ დაადანაშაულა.
„ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილ ამაზრზენ ტერორისტულ აქტებს ან მძევლების აყვანას, რაც მე არაერთხელ დავგმე და ვერაფერი გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას. ღაზაში ნგრევისა და მკვლელობის სიჩქარე და მასშტაბები არაფერს შეედრება გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჩემი მუშაობის წლების განმავლობაში. გაერო-ს 200-ზე მეტი თანამშრომელი დაიღუპა ღაზაში. საერთაშორისო საზოგადოება უნდა მობილიზდეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის, მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისთვის და ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტისთვის შეუქცევადი პროცესის დასაწყებად. რა არის ალტერნატივა? როგორ შეიძლება მსოფლიომ მიიღოს ერთი სახელმწიფო, რომელშიც პალესტინელების დიდი რაოდენობა იქნება ყოველგვარი თავისუფლების, ყოველგვარი უფლებებისა და ღირსების გარეშე?” – განაცხადა გუტერეშმა.