ანტონიუ გუტერეში სუდანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გმობს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სუდანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გმობს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, მშვიდობის აღდგენისა და კრიზისის დასარეგულირებლად დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.
„მკაცრად ვგმობ სუდანში შეტაკებების დაწყებას და მივმართავ სუდანის შეიარაღებული ძალებისა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ლიდერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, აღადგინონ მშვიდობა და დაიწყონ დიალოგი კრიზისის მოსაგვარებლად. შექმნილმა სიტუაციამ უკვე გამოიწვია დიდი ადამიანური მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. ნებისმიერი ესკალაცია იქნება გამანადგურებელი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მოვუწოდებ ყველას, ვისაც გააჩნია სიტუაციაზე გავლენა, გამოიყენონ ის მშვიდობის დასამყარებლად, ძალადობის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდასაჭერად, წესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის გზაზე დასაბრუნებლად“, – განაცხადა გუტერეშმა.
დღეს, მოგვიანებით სუდანში შექმნილ სიტუაციაზე გაერო-ს უშიშროების საბჭო დახურულ კარს მიღმა იმსჯელებს.
სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, 600-ზე მეტი კი დაშავებულია.