ანტონიუ გუტერეში - შეშფოთებული ვარ რეგიონის მასშტაბით დამანგრეველი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხის გამო, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მკაცრად დაგმო ირანის ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„ღრმად ვარ შეშფოთებული რეგიონის მასშტაბით დამანგრეველი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხის გამო. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს დიდი სამხედრო დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთის მრავალ ფრონტზე“, – წერს გუტერეში.
ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.