ანტონიუ გუტერეში რუსეთში „ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ანტონიუ გუტერეში რუსეთში „ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში რუსეთში „ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით წერს.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და ანტონიუ გუტერეშს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისსა და უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას განიხილავენ.

გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანტონიუ გუტერეშის რუსეთში მოსალოდნელი ვიზიტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ზიანს აყენებს გაერო-ს რეპუტაციას.

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში გამართულ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, თუმცა მიიღო ყაზანში პუტინის მიწვევა. ეს არის არასწორი არჩევანი, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას, ეს მხოლოდ ზიანს აყენებს გაერო-ს რეპუტაციას“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

რუსეთის ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტს ასევე დაესწრებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

„ბრიქსი“ სახელმწიფოთაშორისი ასოციაციაა, რომელიც 2006 წელს რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის მიერ შეიქმნა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ორგანიზაციას 2011 წელს შეუერთდა. 2024 წლის დასაწყისიდან „ბრიქსს“ შეუერთდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.