ანტონიუ გუტერეში - გაერო-ს წარმომადგენლები იმყოფებიან თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დახმარებისთვის
გაერო-ს წარმომადგენლები იმყოფებიან თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დახმარებისთვის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.
ასამბლეის სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სტიქიის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა ხსოვნას. სიტყვით გამოსვლისას გუტერეშმა გაერო-ს წევრებს სოლიდარობისა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისკენ მოუწოდა.
„გაერო ახორციელებს ძალების მობილიზებას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მხარდასაჭერად, ამიტომ, მოდით, ყველამ ერთად ვიმუშაოთ სოლიდარობის ნიშნად, რათა დავეხმაროთ ამ კატასტროფის შედეგად დაზარალებულებს, რომელთაგან ზოგიერთი უკვე სასწრაფოდ საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას. ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე უმაღლესი კომისრის პოსტზე ყოფნისას, მე რამდენჯერმე ვიმუშავე ამ სფეროში და არასდროს დამავიწყდება ადგილობრივი მცხოვრებლების არაჩვეულებრივი გულუხვობა. დადგა დრო, ჩვენც გამოვავლინოთ იგივე სოლიდარობა, რომელიც ვიხილე აღნიშნულ რეგიონში ლტოლვილების მიმართ, რომლებიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე რთულ კონფლიქტს გაურბოდნენ“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 2 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.