ანტონიუ გუტერეში - გაერო კვლავ ცდილობს მარიუპოლიდან და ქარხანა „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციას
„როიტერის“ ინფორმაციით, გაერო კვლავ ცდილობს მოქალაქეების ევაკუაციას მარიუპოლიდან და ქარხანა „აზოვსტალიდან“. ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს მიაწოდა.
მისივე თქმით, ეს გაერო-ს მესამე მცდელობაა, მარიუპოლიდან და მეტალურგიული ქარხნიდან მოქალაქეების გაყვანა მოხერხდეს. გუტერეშს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ პროცესი დაწყებულია.
„იმედი მაქვს, მოსკოვთან და კიევთან კოორდინაცია მიგვიყვანს მეტ ჰუმანიტარულ პაუზამდე, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო გამოსასვლელი საბრძოლო მოქმედებებიდან და მათ, ვისაც გადაუდებლად სჭირდებათ დახმარება, მისი მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ჯოჯოხეთის მარწუხებიდან დასაღწევად“, – განაცხადა გუტერეშმა.
შეგახსენებთ, ლეგიონ „აზოვის“ ინფორმაციით, რუსეთი „აზოვსტალის“ ქარხნის დაბომბვას განაგრძობს.