ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების დროა
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში უშიშროების საბჭოსა და ბრეტონ-ვუდსის სისტემის რეფორმირების ინიციატივით გამოდის, რადგან, მისი აზრით, ისინი აღარ შეესაბამებიან დღევანდელი მსოფლიოს რეალობას. ამის შესახებ გუტერეშმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გუტერეშის თქმით, ორივე ინსტიტუტი ასახავს 1945 წლის მდგომარეობით სახელმწიფოთა შორის არსებულ ურთიერთობებს და საჭიროებენ განახლებას.
„გლობალური ფინანსური არქიტექტურა მოძველებული, დისფუნქციური და უსამართლოა. „კოვიდ-19“-ის პანდემიითა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციით გამოწვეული ეკონომიკური შოკის პირობებში მან ვერ შეასრულა თავისი ძირითადი ფუნქცია, ყოფილიყო მსოფლიოსთვის უსაფრთხოების ქსელი“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
გაერო-ს უშიშროების საბჭო შედგება ხუთი მუდმივი (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი) და 10 არამუდმივი წევრისგან. მუდმივი წევრები ვეტოს უფლებას ფლობენ და შეუძლიათ, დაბლოკონ მათთვის არასასურველი გადაწყვეტილებები.
ბრეტონ-ვუდსის სისტემა არის ფულადი ურთიერთობებისა და სავაჭრო ანგარიშგებების საერთაშორისო სისტემა.