ანტონიო გუტიერეში სომხეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს მოუწოდებს, არ დაუშვან სიტუაციის ესკალაცია
სომხეთში განვითარებულ მოვლენებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში გამოეხმაურა.
გუტიერეში ყველა მხარეს მოუწოდებს, მომავალშიც გამოიჩინოს თავშეკავება. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომელიც გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა გაავრცელა.
„სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს, გაეროს გენერალური მდივანი მოუწოდებს მხარეებს, კვლავ პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, ასევე დაიცვან მშვიდობა და სტაბილურობა, როგორც სომხეთში, ისე მთელს რეგიონში“ – ნათქვამია გუტიერეშის განცხადებაში.
ამასთან ერთად, გუტიერეში უერთდება მთიანი ყარაბაღის საკითხზე მომუშავე ე.წ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებას და მოუწოდებს ყველა მხარეს, არ დაუშვან სიტუაციის ესკალაცია.
მისივე თქმით, აუცილებელია, პრობლემის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საძებნელად ძალისხმევის გააქტიურება.
სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 23 აპრილს დატოვა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო.
ერევანში პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა.
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა. სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი 2008-2018 წლებში იყო. მანამდე, ის ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო, ასევე, იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს (2000-2007 წლებში)