ანტონიუ გუტერეში - უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელი, პოლიტიკურად გაუმართლებელი, სამხედრო თვალსაზრისით უაზროა, დროა, დასრულდეს ეს აბსურდული ომი
გაერო-ს გენერალური მდივანის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა ყველგან იგრძნობა და შესაძლოა, მალე მთელი მსოფლიო შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
აღნიშნულის შესახებ ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გუტერეშის თქმით, რუსეთმა ერთი თვის წინ დაიწყო მასშტაბური შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, გაერო-ს წესდების დარღვევით და მას შემდეგ მსოფლიო უყურებს ადამიანთა ტანჯვას, ასევე ქალაქების, დაბების და სოფლების განადგურებას, ეს ყოველივე ინტენსიურ ხასიათს იღებს და ხდება უფრო გამანადგურებელი და არაპროგნოზირებადი.
„10 მილიონზე მეტი უკრაინელი იქცა ლტოლვილად, თუმცა ომი არ წყდება. ორ კვირაზე მეტია, მარიუოპოლი ალყაშია რუსეთის ძალების მიერ და იბომბება. რისთვის? მაშინაც კი თუ მარიუოპოლი დაეცემა, უკრაინა ვერ იქნება დაპყრობილი ქალაქების, ქუჩების, თუ სახლების სათითაოდ დაკავებით. ამ ყოველივეს საბოლოო შედეგი არის მეტი განადგურება, მეტი ტანჯვა. უკრაინელი ხალხი ცხოვრობს ჯოჯოხეთში და მისი გავლენა იგრძნობა მსოფლიოს მასშტაბით, რაც გამოიხატება საკვებზე, ენერგიაზე და სასუქზე ფასების ზრდით, რამაც შეიძლება, შიმშილის კრიზისამდე მიგვიყვანოს“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, დროა, შეჩერდეს ომი, რადგან მას გამარჯვებული არ ეყოლება. მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს იმედები, რომ მხარეები სხვადასხვა საკვანძო საკითხზე შეძლებენ შეთანხმების მიღწევას. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ომის გაგრძელება უკრაინაში მორალურად მიუღებელი, პოლიტიკურად გაუმართლებელი და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა.
„ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ადრე თუ გვიან, მოგვიწევს ბრძოლის ველიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადასვლა. ეს გარდაუვალია. ისმის კითხვა, კიდევ რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს, რამდენ შენობას გაანადგურებს, რამდენი მარიუოპოლი დაეცემა, რამდენი უკრაინელი და რუსი დაიღუპება, ვიდრე ყველა გააცნობიერებს, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ეყოლება მხოლოდ წაგებულები. კიდევ რამდენი უკრაინელი უნდა დაიღუპოს ან კიდევ რამდენი ადამიანი უნდა აღმოჩნდეს შიმშილის წინაშე, რომ შეჩერდნენ. ომის გაგრძელება უკრაინაში მორალურად მიუღებელი, პოლიტიკურად გაუმართლებელი და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა. დროა, შეწყდეს ბრძოლები და მივცეთ შანსი მშვიდობას, დროა, დასრულდეს ეს აბსურდული ომი“, – აღნიშნა გუტერეშმა.