ანტონიო გუტიერეში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს
ანტონიო გუტიერეში ოფიციალურ ვაშინგტონსა და ფხენიანს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისთვის დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ამის შესახებ ჟენევის უნივერსიტეტში, გლობალურ განიარაღებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
ანტონიო გუტიერეშმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაგეგმილი სამიტის ჩაშლასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და ვითარების გასაუმჯობესებლად მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
რამდენიმე საათის წინ, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული წერილით ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის, სინგაპურში დაგეგმილი სამიტი არ შედგება.
დონალდ ტრამპის მიერ კიმ ჩენ ინისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის ბოლო განცხადებები ღია მტრობას შეიცავს. სწორედ ამიტომ, აშშ-ის პრეზიდენტი სამიტის გამართვას ამ ეტაპზე შეუსაბამოდ მიიჩნევს.
ამავდროულად, წერილში დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მაინც შეძლებს.