ანტონიუ გუტერეშმა უკრაინის ქალაქები, ბუჩა და ბოროდიანკა მოინახულა
ანტონიუ გუტერეშმა უკრაინის ქალაქები, ბუჩა და ბოროდიანკა მოინახულა

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კიევთან ახლოს მდებარე ქალაქები, ბუჩა და ბოროდიანკა მოინახულა.

ბოროდიანკაში ანტონიუ გუტერეში გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩავიდა, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებული შენობები დაათვალიერა.

„როდესაც ვუყურებ ამ განადგურებულ შენობებს, უნდა ვთქვა, რას ვგრძნობ. ერთ-ერთ ამ განადგურებულ და გაშავებულ სახლში წარმოვიდგინე ჩემი ოჯახი. წარმოვიდგინე, როგორ გარბიან პანიკურად ჩემი შვილიშვილები. ომი აბსურდია 21-ე საუკუნეში, ომი ბოროტებაა. როდესაც ჩვენ ვუყურებთ მსგავს ვითარებას, ჩვენი გულები დაზარალებულებთანაა. მსურს, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ომი მიუღებელია 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივანი ქალაქ ბუჩაშიც იმყოფებოდა, სადაც რუსი ჯარისკაცები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სასტიკ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილნი და საერთო საფლავი მოინახულა.

ომის დანაშაულების გამოძიების კუთხით მან მხარდაჭერა გამოხატა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მიმართ და რუსეთს სასამართლოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ საშინელ სურათს, ვგრძნობ, რამდენად მნიშვნელოვანია დეტალური გამოძიება და პასუხისმგებლობის დაკისრება. მოხარული ვარ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ხედავს აქ არსებულ ვითარებას, პროკურატურა უკვე აქ არის. სრულად ვუჭერ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, დასთანხმდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ომის დანაშაულებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი დანაშაული თავად ომია“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.