ანტონიუ გუტერეში - სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა
ერთი ქვეყნისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიის მუქარით ან ძალის გამოყენებით ანექსია გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა, – აღნიშნულის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ანტონიუ გუტერეში გამოეხმაურა კრემლის მხრიდან, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მიერთების შესახებ ხვალ დაგეგმილ ცერემონიას.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია ცალსახაა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ერთიანობას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში გაერო-ს რეზოლუციების შესაბამისად. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდა აქტიური საომარი მოქმედებების დროს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უკრაინის საკანონმდებლო და კონსტიტუციური ჩარჩოს გარეთ. მათ არ შეიძლება, ეწოდოს ხალხის ნების ჭეშმარიტი გამოხატულება. ამ მიმართულებით, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება წინსვლის შესახებ, მეტ საფრთხეს შეუქმნის მშვიდობის პერსპექტივას“, – განაცხადა გუტერეშმა.
ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოსკოვს შეახსენა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და პატივი უნდა სცეს გაერო-ს წესდებას.
„უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობილი იქნება. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს“, – აღნიშნა გუტერეშმა.