ანტონიუ გუტერიში - მოვიდა დრო, გამოვაცხადოთ „კარანტინი“ შეიარაღებულ კონფლიქტებში
ანტონიუ გუტერიში - მოვიდა დრო, გამოვაცხადოთ „კარანტინი“ შეიარაღებულ კონფლიქტებში

მოვიდა დრო, გამოვაცხადოთ „კარანტინი“ შეიარაღებულ კონფლიქტებში, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერიშმა განაცხადა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო მასშტაბით ყველა კონფლიქტის მონაწილეს მოუწოდა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოსახლეობას კორონავირუსთან გამკლავების შესაძლებლობა მისცენ.

გუტერიშის განცხადებით, მთელ მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტები მძვინვარებს, რომლისგანაც მეტწილად ყველაზე დაუცველი ადამიანები: ქალები, ბავშვები, შშმ-პირები და დევნილები იტანჯებიან.

„ჩვენ შევეჯახეთ საერთო მტერს, რომელმაც არ იცის მოწყალება და არ განასხვავებს რასებს, ეროვნებას და რწმენას“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

გუტერიშმა ასევე თქვა, რომ პანდემიის სწრაფად გავრცელების ფონზე, კიდევ უფრო ნათელი გახდა ომების აბსურდულობა.