ანტონიუ გუტერეში - ჩვენი მსოფლიო დიდ განსაცდელშია, დაყოფა უფრო ღრმავდება, უთანასწორობა იზრდება და გამოწვევები ვრცელდება სწრაფად
ჩვენი მსოფლიო დიდ განსაცდელშია, დაყოფა უფრო ღრმავდება, უთანასწორობა იზრდება და გამოწვევები ვრცელდება სწრაფად, – აღნიშნულის შესახებ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ნიუ-იორკში გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიის გახსნით სიტყვაში განაცხადა.
ანტონიუ გუტერეშმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინიდან და რუსეთიდან საკვებისა და სასუქის გამოტანასთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას, იმოქმედონ ერთად ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან ის იწვევს მსოფლიოში საკვებზე ფასების ზრდას და შიმშილს ბევრ რეგიონში. გამოსვლაში გუტერეშმა ისაუბრა გაერო-სა და თურქეთის ხელშეწყობით უკრაინიდან სურსათის ექსპორტის შეთანხმების მნიშვნელობაზე და მოუწოდა, მოიხსნას შეზღუდვები რუსეთიდან სასუქის და მისი ინგრედიენტების გამოტანაზე.
„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ ნავიგაციის უსაფრთხო გზა გაუხსნა ათეულობით გემს, მაგრამ ყოველ გემს ასევე გადააქვს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი საქონელი – იმედი. თუმცა იმედის გარდა, საჭიროა მოქმედება მსოფლიო სასასუქო ბაზრის სტაბილიზაციისთვის. აუცილებელია, გაგრძელდეს არსებული შეზღუდვების მოხსნა რუსეთიდან სასუქების და მათი ინგრედიენტების ექსპორტზე, მათ შორის ამიაკზე. დღეს მოქმედების გარეშე, სასუქების გლობალური დეფიციტი სწრაფად გარდაიქმნება საკვების გლობალურ დეფიციტად“, – განაცხადა გუტერეშმა.
გამოსვლაში გუტერეშმა ყურადღება გაამახვილა სამ საკითხზე, რომელთა მოსაგვარებლად, მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ გვერდზე უნდა გადადოს უთანხმოება და მათ მოსაგვარებლად უნდა იზრუნონ კოლექტიურად. გენერალური მდივნის თქმით, ყურადღების გამახვილება საჭიროა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, კლიმატურ კრიზისზე და უთანასწორობაზე განვითარებად ქვეყნებში.
„დღეს მსურს, გამოვყო სამი საკითხი, სადაც მსოფლიო კოალიციამ სასწრაფოდ უნდა დაძლიოს უთანხმოება და იმოქმედოს ერთად. მას დავიწყებ გაერო-ს ძირითადი მისიით – მშვიდობის მიღწევა და შენარჩუნება. მსოფლიოს უდიდესი ნაწილის ყურადღება მიპყრობილია რუსეთის უკრაინაში შეჭრისკენ. ომმა გამოიწვია ფართომასშტაბიანი განადგურება, ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის მასობრივი დარღვევები. ბრძოლებმა გამოიწვია ათასობით ადამიანის სიკვდილი, მილიონობით ადამიანის იძულებითი გადაადგილება და გავლენა იქონია მილიარდობით ადამიანზე მსოფლიოში. გლობალურად მშვიდობისა და უსაფრთხოების საფრთხე უზარმაზარია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მშვიდობისთვის, გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში”, – განაცხადა გუტერეშმა.
კლიმატურ ცვლილებებზე საუბრისას გუტერეშმა მოუწოდა განვითარებულ ქვეყნებს, გაზარდონ გადასახადები წიაღისეული საწვავის მომპოვებელი კომპანიებისთვის, რომლებიც უდიდეს მოგებას ნახულობენ და მიღებული თანხა გადაანაწილონ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კლიმატური კრიზისის გავლენას განიცდიან და იმ ხალხისთვის, ვინც საკვებზე და ენერგიაზე ფასების ზრდას განიცდიან.
„არის კიდევ ერთი ბრძოლა, რომელიც უნდა დავასრულოთ – ჩვენი თვითმკვლელი ომი ბუნების წინააღმდეგ. ის უნდა იყოს ყველა მთავრობისა და მულტილატერული ორგანიზაციის უპირველესი პრიორიტეტი. და მაინც, ზომები კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად უკანა პლანზე გადადის, მსოფლიოში ყოველმხრივი მხარდაჭერის მიუხედავად“, – განაცხადა გუტერეშმა.
თავისი გამოსვლაში გუტერეშმა ასევე ხაზი გაუსვა განვითარებადი ქვეყნების წინაშე მდგარ მრავალ გამოწვევას, მათ შორის სასურსათო დაუცველობას, დავალიანების ზრდას და სიღარიბეს.
„ეს კასკადური კრიზისები ერთმანეთს კვებავს, აღრმავებს უთანასწორობას, ქმნის დამანგრეველ გაჭირვებას, აჭიანურებს ენერგეტიკულ ტრანზიციას და საფრთხეს შეიცავს გლობალური ფინანსური ნგრევისთვის“, – აღნიშნა გუტერეშმა.
მან მოუწოდა ბანკებს, ხელი შეუწყონ ფინანსურ დახმარებას განვითარებადი ქვეყნებისთვის სესხის აღების პირობების გაუქმებით, ხოლო კრედიტორებს მოუწოდა, განიხილონ დავალიანების შემსუბუქება, განსაკუთრებით კლიმატური ფონდებისთვის.