ანტონიო გუტერეში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში კონფლიქტის მხარეებს ზავისკენ მოუწოდებს
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში კონფლიქტის მხარეებს ზავისკენ მოუწოდებს.
გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჯარიჩის განცხადებით, გენერალური მდივანი გმობს ბოლოდროინდელ შეიარაღებულ დაპირისპირებას და მოქალაქეების მიმართ მუქარას.
ანტონიო გუტერეშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევების, აგრეთვე მძიმე დანაშაულების, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის და გაეროს სამშვიდობოების მკვლელობების ჩამდენი პირები, პასუხს აგებენ. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვითარება არჩევნებთან დაკავშირებით დაიძაბა.
არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტი, ფოსტინ-არკანჟ ტუადერა გამოცხადდა. მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდა მას შემდეგ, რაც ყოფილ პრეზიდენტს, ფრანსუა ბოზიზეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. შემდეგ ფრანსუა ბოზიზე სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს შეუერთდა, რომელთაგან ზოგიერთი „სელეკას“ კოალიციის წევრი იყო, რომლებმაც ის 2013 წელს ჩამოაგდეს.
დემოკრატიული ოპოზიციის კოალიციამ, რომელიც ათზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მოიცავს, მიმდინარე საარჩევნო პროცესიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ევროკავშირის საწვრთნელი მისიის ფარგლებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული 35 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. მისიის მიზანი ქვეყნის თავდაცვის სექტორის რეფორმის ხელშეწყობაა.