ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ათწლეულების შემდეგ მსოფლიოში ბირთვული დაპირისპირების რისკი დაბრუნდა
გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ათწლეულების შემდეგ მსოფლიოში ბირთვული დაპირისპირების რისკი დაბრუნდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ტოკიოში, ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მოუწოდა ყველა მხარეს, რომ საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს უნდა მიეცეთ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დაშვების უფლება.
„ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი თავდასხმა თვითმკვლელობაა და ვიმედოვნებ, ეს თავდასხმები შეწყდება. ამავდროულად, იმედი მაქვს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შეძლებს სადგურზე წვდომის მოპოვებას და განახორციელებს მისი მანდატით გათვალისწინებულ ქმედებებს“, – განაცხადა გუტერეშმა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოში შეინიშნება ბირთვული იარაღის მოდერნიზებისა და მარაგების ზრდა, რაც უნდა შეჩერდეს. მისი თქმით, მილიარდები, რომლებიც იხარჯება შეიარაღებაში, უმჯობესია, გამოყენებულ იქნას კლიმატურ ცვლილებებთან, სიღარიბესთან და სხვა გამოწვევებთან საბრძოლველად.