ანტონ ობოლაშვილი - კომპანია „ბორჯომის“ ხელმძღვანელობა მზადაა, ანაზღაურებასთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს, თუმცა საწარმოს პრინციპული მიდგომაა, რომ მოლაპარაკებებში მესამე პირის ჩართვა საჭირო არაა
მაჟორიტარი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო მზად არის, აქციის მონაწილეების მოთხოვნები მათთან ერთად განიხილოს, გაფიცულები პრინციპულად აცხადებენ, რომ პროფკავშირის წარმომადგენლის გარეშე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მისივე თქმით, თავის მხრივ, კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებთან მოლაპარაკებებში მესამე პირის ჩართვა საჭირო არ არის.
ამასთან, ანტონ ობოლაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ანაზღაურებაზე თანამშრომლების მოთხოვნა თითქმის დაკმაყოფილებულია, მაგრამ საკითხის ბოლომდე გადაწყვეტა დიალოგის გარეშე ვერ მოხდება.
„გუშინ ქარხნის მუშებთან მქონდა შეხვედრა. პირველ რიგში, მათ მოვუსმინე, შემდეგ შევხვდი საწარმოს ხელმძღვანელობას და რა თქმა უნდა, გადავეცი მოთხოვნები, რაზეც მათგან იყო რეაგირება. პოზიციები ფაქტობრივად დაახლოებულია, რაზეც უნდა შედგეს მოლაპარაკება, თუმცა მუშების მხრიდან არის პრინციპული მიდგომა, რომ მოლაპარაკებებს დაესწროს პროფკავშირების წარმომადგენლები. ასევე საწარმოს მხრიდან პრინციპული მიდგომაა, რომ მათ არ სჭირდებათ თანამშრომლებთან მოლაპარაკებებში მესამე პირი.
კომპანიის ხელმძღვანელობასთან საუბარისას რა თქმა უნდა, ხელფასების თემა იყო ძირითადი მიმართულება. როგორც მითხრეს, საკითხი განხილული ჰქონდათ და მზად არიან, ამ მიმართულებით დათმობაზე წავიდნენ. არ ვსაუბრობ ზუსტ სახელფასო განაკვეთზე, მაგრამ ასეთი სურათია – თუ თანამშრომელს ჰქონდა 450 ლარი და მისი მოთხოვნა იყო 900 ლარი, ამ შემთხვევაში, საწარმო მოლაპარაკების შესაბამისად, მიდის დათმობაზე, რომ გადაუხადოს 800-850 ლარი. ეს ვიგულისხმე, როცა ვთქვი, პოზიციები დაახლოებულია-მეთქი. გამოსავალია, ორივე მხარემ დათმოს, გადადგას ნაბიჯი და მოლაპარაკება შედგეს. მოლაპარაკების გარეშე ეს გარდაუვალია. მესმის ჩვენი დასაქმებულების პოზიცია, დარღვეულია ნდობის ფაქტორი, მათ ეშინიათ, რომ შესაძლებელია, ეს იყოს არაშესრულებადი დაპირება, თუმცა ეს ყველაფერი აისახება ხელშეკრულებებზე და რა თქმა უნდა, ამას კანონით დაიცავენ. ზარალი ორივე მხარეს არის. განსაკუთრებით მაღელვებს ჩვენი ბორჯომელების ბედი. მაღელვებს იმ კუთხით, რომ აუცილებელია, მათთვის ყოველდღიური დასაქმება და გასამრჯელოს აღება. ზარალი რა თქმა უნდა, მეორე მხარესაც არის და ბიზნესიც ზარალდება, ამიტომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ანტონ ობოლაძემ.
„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები მესამე დღეა, აქციას მართავენ. კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.