ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პოლიციას სთხოვენ, პარლამენტის წინ, ტრიბუნასთან მისვლის საშუალება მისცენ
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები იმყოფებიან და პარლამენტის კიბეებთან მისვლას მოითხოვენ.
ისინი პარლამენტთან მყოფ პოლიციელებს სთხოვენ, მისცენ საშუალება, ტრიბუნასთან მივიდნენ და დღეს 19:00 საათიანი აქცია დააანონსონ.
აქციების ორგანიზატორების, შოთა დიღმელაშვილისა და გიგა მაქარშვილის განმარტებით, ისინი მხოლოდ აქციას დააანონსებენ, შემდეგ დაიშლებიან და პარლამენტთან მხოლოდ მათი რამდენიმე წარმომადგენელი დარჩება.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პოლიცია, რომელიც პარლამენტის კიბეებიდან ტროტუარამდე ცარიელ პერიმეტრს გაძლიერებული შემადგენლობით აკონტროლებს, აქციის მონაწილეებს კონკრეტულ მიზეზს ვერ ეუბნება, რატომ არ უშვებენ კიბეებთან.
აქციის მონაწილეებთან ერთად, „ევროპული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც პარლამენტთან გუშინდელი დღიდან იმყოფებოდნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს. ადგილზე პოლიცია იმყოფება.