ანტიკვარული ნივთების ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გ.ს., ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა და ძვირადღირებული ანტიკვარული ნივთები მოიპარა: რუსი პორტრეტისტის, ორესტ კიპრენსკის მიერ 1817 წელს შესრულებული ნახატი, უცნობი ავტორის მიერ შესრულებული, ასევე, ანტიკვარული ნახატი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის სპილოს ძვლის მოოქროვილი საჭე, 8 ანტიკვარული სკამი, გემის ანტიკვარული საჭე, ხალიჩა და სხვა.
პოლიციამ დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.