ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე შპს „ტ და გ“-ს დამფუძნებელი და დირექტორი ტარიელ ბ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, შპს „ტ და გ“ აწარმოებდა რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
„კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა ტარიელ ბ-მ არასრულყოფილად შეასრულა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების პირობები და მიღება-ჩაბარების აქტებში ყალბი მონაცემების შეტანით მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.
გამოძიება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.