ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაცია მზადაა, საქართველოს მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარე აკააშ მაჰარაჯისთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, კანადისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.
„საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოში კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოს მიღწევებს ღია და ეფექტური მმართველობის კუთხით და აღინიშნა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი დემოკრატიული ქვეყნების საერთაშორისო ფორუმის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარეობას, რაც ოქტომბრიდან კანადას გადაებარა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თავის მხრივ, აკააშ მაჰარაჯმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო ლიდერია რეგიონში და მისი ორგანიზაცია (GOPAC) მზად არის, საქართველოს მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას. მან მზადყოფნა გამოთქვა, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან ერთად, ხელი შეუწყოს კანადისა და საქართველოს პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავებას, საქართველოსა და GOPAC-ის წევრი ქვეყნების პარლამენტარებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობას.
„უკანასკნელი წლების განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიული და ღია მმართველობის დანერგვის საკითხებში საქართველომ სანიმუშო პროგრესი განიცადა. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში თქვენმა ქვეყანამ ბრწყინვალე მაგალითი აჩვენა ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით და ეს სამაგალითოა როგორც თქვენი ქვეყნისთვის, ისე მის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა აკააშ მაჰარაჯიმ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აკააშ მაჰარაჯიმ შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილთან და საქართველოს პარლამენტის კანადა-საქართველოს საპარლამენტო თანამეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ირაკლი მეზურნიშვილთან.