ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფმა გაფართოებულ ფორმატში პირველი სხდომა გამართა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესრულების ფარგლებში, ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე მუშაობს, გაფართოებულ ფორმატში პირველი სხდომა გამართა.
კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სხდომაზე რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, რაზეც ჯგუფი იმუშავებს. მისი თქმით, ეს საკითხებია: პრევენციაზე ორიენტირებული ანტიკორუფციული მიმართულება, კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და სადაც ეს საჭიროა კონკრეტული სისხლის სამართლის შემადგენლობებისა და სანქციების გადახედვა და მესამე საკითხი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა დასვა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა.
„პროცესის მონაწილე სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენი მხრიდან დავსვით საკითხები, რომლებიც შეეხება კორუფციის პრევენციისთვის მუშაობის დამატებით გაძლიერებას და უწყებებს შორის კოორდინაციას. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ვთხოვეთ, წარმოადგინონ წინადადებები, რა მიმართულებით შეიძლება, ექმნებოდეთ მათ საფრთხე და რა მიმართულებით ფერხდებიან ისინი კონკრეტული სამუშაოს თვალსაზრისით. პრევენციასთან ერთად, ჩვენი მიზანია, სადაც ეს საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა დასვა საკითხი ცალკე ანტიკორუფციული სააგენტოს გამოყოფის შესახებ. ჯგუფის მორიგი სხდომა უახლოეს პერიოდში ჩატარდება, სადაც აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა გაიმართება.
უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკორუფციული თვალსაზრისით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი. კორუფციის აღქმის ინდექსის თვალსაზრისით, 145 სახელმწიფოს შორის საქართველო 45-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ფარგლებში მოწინავეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მხრივ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების წევრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.
გეგმის თანახმად, კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 19 ოქტომბრისა, ხოლო მიღება არაუგვიანეს 2022 წლის პირველი დეკემბრისა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.