ანსამბლი „სუხიშვილები“ მიმართვას ავრცელებს - უკრაინაში გასტროლები უნდა დაგვეწყო, თუმცა იძულებული ვართ, დავტოვოთ ქვეყანა, მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს
ანსამბლი „სუხიშვილების“ წევრები უკრაინიდან მიმართვას ავრცელებენ.
როგორც „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი აღნიშნა, ანსამბლი იმყოფება უკრაინაში, სადაც გასტროლები უნდა დაეწყოთ.
„ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ლუცკში დასავლეთ უკრაინაში, დღეს უნდა დაგვეწყო გასტროლები ამ ქალაქიდან და უნდა ვყოფილიყავით აპრილის თვემდე უკრაინაში, მაგრამ გუშინ მოხდა ის, რაც ჩაიდინა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ იძულებული ვართ, დავტოვოთ ქვეყანა, გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, სრული მობილიზაცია, ვცდილობთ ახლა გადავიდეთ პოლონეთის საზღვარზე ავტობუსებით და ვეცდებით იქიდან გამოფრენას. იმედია, მშვიდობით დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს, უკრაინისა და პოლონეთის ელჩებს. საელჩოებს, სამინისტროებს, რომლებიც გვერდით გვიდგანან და ყველაფერში გვეხმარებიან ჩვენ, რომ მშვიდობიანად გამოვაღწიოთ.
მინდა, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუხატო უკრაინელ ხალხს, რომელიც ძალიან გვიყვარს. 17 წელია, ჩვენ ამ ქვეყანაში დავდივართ და ჩვენთვისაც გახდა ახლობელი, მათაც მინდა, ჩვენი თანადგომა გამოვუხატო“, – განახცადა ნინო სუხიშვილმა.