ანსამბლ „ერისიონს“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ექნება
ანსამბლ „ერისიონს“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ექნება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონისთვის“ სახელმწიფოს მიერ გადაცემული შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი შერმანდი ჭკუასელი, მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, „ერისიონი“ არის კვლავ შეხიზნული ე.წ. ოფიცერთა სახლის შენობაში, რომელიც არის სამარცხვინო მდგომარეობაში, ეს ის ოფიცერთა სახლია, რომელიც წინა ხელისუფლებამ გაყიდა და შეიძინა ბატონმა ბეჟუაშვილმა.

„იმდენი ვერ გაბედეს, რომ ქართული კულტურა იქიდან გამოეძევებინათ, მაგრამ არც არაფერი არ გაუკეთებიათ. 2014 წელს სახელმწიფომ საკმაოდ ძვირადღირებული ქონება ვარანცოვზე, დედაქალაქის ცენტრალურ ადგილას გადასცა „ერისიონს“. სამართლიანობის მიზნით უნდა აღინიშნოს, რომ ასეულ ათასობით ლარი დამხვდა დახარჯული, რომ მედიკოსთან შენობის პროექტირება განხორციელებულიყო და მართლაც დაპროექტებული იყო ეს შენობა, მაგრამ გაჩერებული იყო ერთ ადგილას, რადგან იქ ბრძანდებიან სხვადასხვა მესაკუთრეები, ერთ პროფილაქტიკა აქვს, მეორეს კიდე არ ვიცი რა და ა.შ და, რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანს არ აღელვებს ქართული კულტურა, არც ერთ მათგანს არ აღელვებს, აქ „ერისიონი“ იქნება თუ ბაზრობა. ასეთ შემთხვევაში არც თბილისის მუნიციპალიტეტი და არც კულტურის სამინისტრო არ არიან ყოვლის შემძლე, ისინი დაარწმუნოს, რომ აქ ხელშეშლა კი არა, ხელშეწყობაა საჭირო. ამიტომ ჩვენ ძალიან სწრაფად, იმის მაგივრად, რომ გაგვეგრძელებინა ილუზიებში ცხოვრება, დავემშვიდობეთ ამ ილუზიებს და გამოვყავით 150 000 ლარი დამატებით, გავაკეთეთ ახალი პროექტი, რომლითაც „ერისიონს“ და მშენებელს არ ხდის დამოკიდებულს სხვა იმ წვრილ მესაკუთრეებზე, რომლებიც ასე ვთქვათ შანტაჟითაც იყვნენ დაკავებული. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ სრულიად ახალი პროექტი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა „ერისიონის“ თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კულტურის სფეროში ძალიან დიდი პრობლემებია.

„ამ სისტემაში არის ძალიან ბევრი პრობლემა, ეს არის ზღვა პრობლემებისა და მინისტრს, რომელიც ასევე ღმერთმა ადამიანად შვა და არა რობოტად, სჭირდება ხელშეწყობა, მხარდაჭერა, უბრალოდ, ადამიანი, რომელიც იცი, რომლისგანაც ზურგში დანა არ მოგხვდება, ეს არის ჩემთვის „ერისიონი“. მინდა, მადლობა გითხრათ ერთგულებისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ შემთხვევაში მე ადამიანურ მხარდაჭერას ვგულისხმობ. მინდა, გისურვოთ წარმატებები და წელში გამართული ყოფილიყავით.

დღეს მე ვხედავ, როგორც კულტურის მინისტრი, არის მიზანმიმართული მცდელობები იმისა, რომ დაკნინდეს ფოლკლორი, დაკნინდეს ტრადიცია და ეს ითვლებოდეს მოდიდან გადასულად, არის ამისი ქვედინებები, რომელიც არის ძალიან ხელშესახები. ვიდრე მე ვარ მინისტრი, ამას რა თქმა უნდა, არ დავუშვებ და სწორედ ვარ ბედნიერი ამიტომ, გუშინდელი ოპერის თეატრში გამართული ღონისძიებით, რადგან ქართულმა ავთენტურმა მთიდან დაგორებულმა ფოლკლორმა იზეიმა არა სადღაც, არამედ ოპერის თეატრში, ეს არის განაცხადი, რომ ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით, ის საქმე, რაც ანზორ ერქომაიშვილმა დატოვა, არასდროს არსად გაქრება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

2014 წელს „ერისიონს“ სახელმწიფოსგან, ანსამბლის არსებობის ვადით, გადაეცა ქალაქ თბილისში ხეთაგუროვის ქ. N26-ში მდებარე 4080 კვ.მ (ე.წ. ყოფილი მედიკოსთა სახლი) შენობა, თუმცა მოცემული შენობა არის მძიმე მდგომარეობაში, ანსამბლი ამ შენობით ვერ სარგებლობს და კვლავაც მძიმე პირობებში, „ოფიცერთა სახლში“ არის შეხიზნული. 2021 წლის ივნისში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიცემული შენობის სრული რეაბილიტაციისთვის პროექტის მოსამზადებლად 180 000 ლარი გამოყო, რის შედეგადაც მომზადდა პროექტი და დღეს მისი პრეზენტაცია გაიმართა.

მიმდინარე თვეში კი, მოცემული პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად, გამოცხადდება ტენდერი. რეაბილიტაციის სამუშაოების ჯამური ღირებულება 14 მლნ ლარია. სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ანსამბლ „ერისიონს“ ექნება თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა: 80 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, ანსამბლის შოუ-პროგრამებზე მორგებული განათება-გახმოვანება, ხმის ჩამწერი სტუდია, კეთილმოწყობილი სარეპეტიციო დარბაზები და საგრიმიოროები, მსახიობებისთვის სპეციალურად შექმნილი სატრენაჟორო დარბაზები და საშხაპეები, ასევე გათბობა, კონდიცირება და ვენტილაცია, მოსასვენებელი სივრცეები და კაფეტერია.

რეაბილიტირებულ შენობაში განთავსებული იქნება „ერისიონის“ სკოლა-სტუდიისთვის გამოყოფილი ცალკე სარეპეტიციო სივრცეები, სადაც ყოველდღიურად ასეულობით ბავშვი ეზიარება ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას. უძველესი ისტორიისა და დიდი ტრადიციის მქონე სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. არსებობის მანძილზე ანსამბლმა არაერთ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი განაცვიფრა. 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს რამდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად, NASA–ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ სწორედ „ერისიონის“ წევრების მიერ არის შესრულებული. 137-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წელს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნა.