ანრი ოხანაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი იძლევა მხოლოდ ტექნიკურ ვიზირებას და არ ადგენს კონსტიტუციურობის საკითხს
იურიდიულ დეპარტამენტს არ აქვს იმისი უფლება, კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი გადაწყვიტოს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, იურიდიულ დეპარტამენტს აქვს წმინდა ტექნიკური ხასიათის ფუნქცია და არ ნიშნავს, რომ კანონპროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.
„ასე თუ გაახარებდათ ამათ ამ დასკვნის დაწერა, აქამდე დაწერდა იურიდიული დეპარტამენტი. იურიდიულ დეპარტამენტს აქვს წმინდა ტექნიკური ხასიათის ფუნქცია, ტექნიკურად იძლევა ვიზირებას, რომ პროცედურა შეიძლება დაიწყოს.
იურიდიულ დეპარტამენტს არ აქვს უფლება, კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი გადაწყვიტოს. ამიტომ ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი, ასე რომ წინასწარ ნუ იქნებიან ასე ომახიანად, ნუ განაცხადებენ, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისია. ეს არის მხოლოდ ტექნიკური პროცედურა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას, რომ დაიწყოს პროცედურა.
ასევე იყო მაგალითად, კოლეგებმა, უფრაქციო პარლამენტის წევრებმა როდესაც დაარეგისტრირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხი, რომელიც ასევე არაკონსტიტუციური იყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დავწერეთ წმინდა სამართლებრივად გამართული დასკვნა, რომ ეს იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო. მაშინაც იურიდიულმა დეპარტამენტმა ტექნიკურად შეამოწმა ეს ტექნიკური სტანდარტები, განმარტებითი ბარათები იყო თუ არა, კანონპროექტი იყო თუ არა წარმოდგენილი და ა.შ. და მისცა ვიზირება, რომ დაწყებულიყო წარმოება. ეს არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. სხვა არაფერი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა
ოპოზიციის ინფორმაციით იურიდიულმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ე.წ. გერმანულ მოდელზე მიზანშეწონილად მიაჩნია, კანონპროექტის განხილვის პროცედურა დაიწყოს.