ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე დაკავებულ პირს ბრალი ორი მუხლით წარედგინა
დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე დაკავებულ პირს ბრალი ორი მუხლით წარედგინა.
როგორც საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარასა და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ.
საგამოძიებო უწყების ცნობითვე, დაკავებულს ბრალი წარედგინა ასევე საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ქმედებას, რომელიც გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ჩადენილს ძალადობის მუქარით.
ვახტანგ რობაქიძეს 15 იანვარს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება ინციდენტს, შემთხვევა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა.