ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი, როცა ამბობდით, რომ პროპორციულ სისტემაზე გინდოდათ გადასვლა, მაგრამ მხარი არ დაუჭირეთ
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დეპუტატ ეკა ბესელიასა და ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა.
ინიციატორები საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვდნენ, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიზანშეუწონლად მიიჩნია.
„მე არ ვიცი, რამ განაპირობა და რატომ ითხოვენ დაჩქარებულად განხილვას, მით უმეტეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები ჩვენ წინა კვირას დავამტკიცეთ, სადაც სრული კონსენსუსი იყო. პოლიტიკურმა პარტიებმა წინასწარ იცოდნენ, შეთანხმებული იყო, ფართო განხილვის შედეგად იყო ის შეთანხმება მიღწეული. ამიტომ მე არ ვუჭერ მხარს დაჩქარებული წესით ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პასუხად, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგი კაპანაძემ თქვა, რომ პარლამენტში დაჩქარებული წესით ისეთი საკითხები განიხილება, რომ საარჩევნო კოდექსის განხილვა გასაკვირი არ უნდა იყოს.
„როგორც ვხვდები, დაჩქარებული წესით იმიტომ ითხოვენ, რომ საქმე ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს. შესაბამისად, ახლა თუ არ იქნა მიღებული, მერე მიღებას აზრი არ აქვს, არ ესწრება და იმ პირობებში, როდესაც, კოლეგებო, დაჩქარებული წესით შემოიტანეთ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელზეც ბოლო ვერსიის ტექსტიც კი არ არსებობს, როცა არანაირი საჭიროება არ არის, რომ მართლა დაჩქარებულად განიხილოთ, აპირებთ, კენჭი უყაროთ ისე, რომ წაკითხულიც არ გაქვთ ბოლო დოკუმენტი, რადგან ფიზიკურად არ არის ამ წუთისთვის.
იმ პირობებში, როდესაც აპირებთ დაჩქარებული წესით მიიღოთ ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტი, რომელიც დღეს შემოვიდა და ისიც არ გაქვთ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცვლილებები რომ დაჩქარებული წესით მიიღოთ, ყოველ შემთხვევაში, განიხილოთ, ალბათ მაინც ჩააგდებთ, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამასთან, ანრი ოხანაშვილმა კაპანაძეს მიმართა, რომ სულ მცირე მოერიდებოდა და კომენტარს არ გააკეთებდა არც საკუთარი და არც „ევროპული საქართველოს“ სახელით საარჩევნო კოდექსზე ან საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე.
„გვახსოვს ხომ, როგორი გულანთებულები ითხოვდით პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ისიც ნახა ჩვენმა საზოგადოებამ, ბოლოს როგორ დაუჭირეთ მხარი. საერთოდ არ მოხვედით, ბატონი რომანი დადიოდა და ელოდებოდა, იქნებ რამე მოხდესო. ბატონი რომან გოცირიძე,რომ მერე რაღაცა ყიჟინა დაეცა. ალბათ რაღაცა გეგმა ჰქონდა, იქნება და არ გასულიყო და რაღაც დაეგეგმათ. თქვენ საერთოდ იცით რა არის შემოთავაზებული რომ ამბობთ, შეგიძლიათ გვითხრათ, რა საკითხების განხილვას გვთავაზობენ დაჩქარებული წესით? არის ისეთი საკითხები, რომლებიც დაჩქარებულად უნდა განვიხილოთ. ან თუ დაჩქარებულად ითხოვთ ამის განხილვას, რატომ არ დააყენეს ეს საკითხები საკომიტეტო განხილვის დროს ან პლენარული სხდომის განხილვის დროს. ან მოვიდეს ავტორია,თუ ინიციატორია და ბიუროს აუხსნას, რას ითხოვს ახლა დაჩქარებულად რომ შემოიტანეს.
შესაბამისად, მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ და ძალიან გთხოვთ, როცა კომენტარს აკეთებთ და მით უმეტეს რაიმეს გვიწუნებთ, თქვენგან დასაწუნი ნამდვილად არ გვაქვს არც კონსტიტუციაში და არც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა. საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ პოლიტიკურად მოიჭერით თავი, რომ გამოხვედით და იძახდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გინდოდათ გადასვლა და მხარი არ დაუჭირეთ არც საარჩევნო კოდექსში ცვლილებას და არც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, იმას, რაც კონსენსუსის შედეგად იყო მიღწეული. მათ შორის ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რაც იქნა ასახული და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.